|
|
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმა: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ტრეინინგებისა და ტექნიკური გამოცდილების საშუალებით ხელი შეუწყო თსუ-ს საუნივერსიტეტო რეფორმას, დაეხმარა რა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს უნივერსიტეტის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტისათვის საჭირო ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებაში. შედეგად, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ გაწეულმა ტექნიკურმა მხარდაჭერამ საფუძველი დაუდო უნივერსიტეტის ახალ სტრუქტურას, 22 ფაკულტეტის ნაცვლად ჩამოყალიბდა ახალი გაერთიანებული დეპარტამენტები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულის, მედიცინის).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფორმალურად შექმნის შემდეგ ცენტრმა კონრად ადენაუერის ფონდთან (გერმანია) თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია საზაფხულო სკოლას შეკვეთილში (დასავლეთ საქართველო) ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინსტიტუციური მოწყობა და სასწავლო პროგრამის განვითარება”. 2005 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, წევრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა (პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, და საზოგადოებრივი გეოგრაფია). საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა ინსტიტუციური მენეჯმენტისა და სასწავლო პროგრამების განვითარების საკითხებს. ხუთი სამუშაო დღის შედეგად, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ მიწოდებულ მასალებსა და გზამკვლევებზე დაყრდნობით, ფაკულტეტის წევრებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ფაკულტეტის ახალ ადმინისტრაციულ-სტრუქტურულ დაყოფას, გაერთიანებულ კურიკულუმს პირველკურსელთათვის, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, და ასევე დათქვეს ფაკულტეტის განვითარების სამომავლო გეგმები. საზაფხულო სკოლის წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი დაუდეს სამომავლო სამუშაოებს.
2006 წელს ჩატარდა ორი სკოლა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისათვის, რომლებიც მიეძღვნა ფაკულტეტზე არსებული დეპარტამენტების სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმების განხილვასა და განვითარებას, აგრეთვე კურიკულუმებში კვლევითი კომპონენტის ინტეგრირების, პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტების განხორციელების საკითხებს.
|