ჩვენს შესახებ
დირექტორის მესიჯი
ისტორია
ორგანიზაციული სტრუქტურა
ცენტრის მმართველობა
აკადემიური პერსონალი
მოწვეული ლექტორები
ადმინისტრაცია
ცენტრის რესურსები
ხშირად დასმული შეკითხვები
ადგილმდებარეობა

დირექტორის მესიჯი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი დაარსდა ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის (SSSP 2000–2003) აქტივობებსა და რესურსებზე დაყრდნობით 2003 წლის ოქტომბერს. მას შემდეგ ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ცენტრის დაარსებიდან ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო რეფორმების იმედი ჩაგვისახა.

რევოლუციის შემდეგ საქართველოს განათლების სისტემაში მრავალი რამ გადაისინჯა. უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების პროცესი გაცილებით გამჭვირვალე გახდა, მიღებულ იქნა უნივერსიტეტების აკრედიტაციის ახალი კანონი, რის შედეგადაც აკადემიურ სასწავლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო შიდა ადმინისტრაციისა და სწავლების მეთოდების რეორგანიზაცია.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესში; მან უზრუნველყო საგანმანათლებლო რეფორმის ექსპერტიზა და ფორუმი უმაღლესი განათლების რეფორმისა თუ, საერთოდ, რეფორმების აუცილებლობის განხილვისათვის. ჩვენ ინტენსიურად ვიყავით ჩართულნი უნივერსიტეტების ახალი აკრედიტაციის პროცესში. 2004 წელს დავაარსეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კომიტეტი (Graduate Studies Committee), რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამჟამად თსუ-ში სოციალური მეცნიერებების პროგრამებში მიმდინარე სწავლებისა და ადმინისტრირების არსებითი ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენი ხელშეწყობითა და ძალისხმევით მიმდინარეობდა საჯარო დისკუსიები განათლების სისტემის რეფორმების შესახებ. დღესდღეობით ცენტრი მუშაობს სოციალურ მეცნიერებებში სადოქტორო პროგრამების განვითარებაზე.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში უკვე მეექვსე წელია, რაც ახალი, ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება. ამჟამად სტუდენტები ორ პროგრამაში არიან ჩართულნი. ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა ”გენდერი” ქართულ ენაზე ისწავლება, ხოლო ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” კი ინგლისურენოვანი, რეგიონული პროგრამაა და მასზე გარდა ქართველი სტუდენტებისა, სომეხი, აზერბაიჯანელი და ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ.

ჩვენ, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის თანამშრომლები, ვთვლით, რომ დიდი შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც შესაძლებელია განათლების სისტემასა და მთლიანად ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელება, ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ ცვლილებებში ჩვენი წვლილის შესატანად.

მარინე ჩიტაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა