მთავარი გვერდი
პროგრამები
ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
გენდერი
სასწავლო მასალები
სასწავლო რესურსები
კურსდამთავრებულები

აკადემიური პროგრამები

ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში

სამაგისტრო პროგრამა ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აღნიშნულ კურს აქვს მკვეთრად გამოხატული საერთაშორისო ხასიათი.

სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე 18 თვის განმავლობაში. პროგრამა გამიზნულია სტუდენტებისათვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. რეგიონულ სტუდენტებთან ერთად, პროგრამაზე სწავლა, ან თავისუფალი მსმენელის სახით დასწრება შეუძლიათ კავკასიის ტრანსფორმაციის კვლევის საკითხებით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტებსაც. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებსა და სემინარებს სტუდენტები გადიან თბილისში, პირველი სასწავლო წლის - პირველი და მეორე სემესტრების განმავლობაში. მეორე სასწავლო წელს - მესამე სემესტრში სტუდენტები გადიან სამთვიან სტაჟირებას სხვადასხვა სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხოლო მეოთხე სემესტრს მთლიანად უთმობენ სადიპლომო ნაშრომის დაწერასა და დაცვას.

სასწავლო პროგრამა მოიცავს საჯარო პოლიტიკისა და პოლიტიკის ანალიზის ელემენტებს, ასევე ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, საგარეო პოლიტიკის ანალიზს, ნაციონალიზმს, კონფლიქტების მართვას, აკადემიურ წერასა და კვლევის მეთოდებს. სასწავლო პროცესს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში წარმართავს საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, რომელიც აერთიანებს როგორც დასავლეთის უნივერსიტეტებში განათლება მიღებულ ქართველ ლექტორებს, ასევე უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებსა და პროფესიონალებს, სახელმწიფო დაწესებულებებში, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამაში ჩართული სტუდენტებისათვის.

სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” სტუდენტებს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მიენიჭებათ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხი (MSocSc), სპეციალიზაცია ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”. კურსდამთავრებულები მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს და დიპლომის დანართს, რომელიც შეესაბამება ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს ევროპული უნივერსიტეტებისათვის.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ

 

გენდერი

სამაგისტრო პროგრამა გენდერი შექმნილია სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფემინისტური კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტებით, ასევე გენდერული პოლიტიკით. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ერთადერთ სამაგისტრო პროგრამას რეგიონში, რომელიც ფოკუსირებულია გენდერულ საკითხებზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და გრძელდება ორი სასწავლო წლის განმავლობაში.

პროგრამის მიზანია გენდერის სპეციალისტების მომზადება, რომლებიც დაკავებულნი იქნებიან ადგილობრივ სახელმწიფო, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და იმუშავებენ გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გენდერის სამაგისტრო პროგრამა არის პირველი და უაღრესად დროული მცდელობა ქვეყანაში გენდერული განათლების შემოტანის, რაც, თავის მხრივ, გენდერის სფეროში განათლებულ პერსონალზე მზარდი მოთხოვნილებით არის ნაკარნახევი.

სამაგისტრო კურსი ფემინისტურ თეორიასა და ფილოსოფიასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ტრეინინგებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კვლევის მეთოდებში, პოლიტიკის ანალიზსა და სამართალსა და პოლიტიკაში.

”გენდერის” სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მიენიჭებათ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხი (MSocSc), სპეციალიზაციით ”გენდერი”. კურსდამთავრებულები მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს და დიპლომის დანართს, რომელიც შეესაბამება ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს ევროპული უნივერსიტეტებისათვის.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა